„სეზონის დასაწყისშივე ვიძახდით, რომ გათვლა 3-6 თვიან დახმარებებზე, საბანკო ვალდებულებებს ვგულისხმობ, არ იქნებოდა საკმარისი, რადგან ეს კრიზისი გაგრძელდებოდა წლის ბოლომდე და ეს პაკეტი მინიმუმ მომდევნო წლის 2020-2021 წლის გაზაფხულამდე უნდა განხილულიყო“. ამის შესახებ "ჰელისკი ჯორჯიას" ხელმძღვანელმა ვატო ასათაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პრემიერმა გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა სასტუმრო ბიზნესისთვის სესხის თანადაფინანსების პროგრამას ერთ წლამდე აგრძელებს. მისივე თქმით, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა სახელმწიფო/მთავრობა ტურიზმის სექტორს გვერდით დაუდგეს.
ასათაშვილის შეფასებით, ყველაზე დიდი პრობლემა არათანმიმდევრულობა და არაპროგნოზირებადი ქმედებებია, რადგან ბიზნესსა და ეკონომიკას სწორედ ასეთი მცდარი მოლოდინები აზარალებს. მისივე თქმით, „არასწორი მენეჯმენტის გამო, ტურიზმის ინდუსტრიას უხეში დათვლებით 8-დან 10 მლრდ ლარამდე დავაკელით“.
„ჩვენ ჯერ კიდევ მაისში გვახსოვს მთავრობის მხრიდან „ბაქიბუქობა“, რომ საქართველო იქნებოდა პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნიდა საზღვრებს, შეიქმნებოდა მწვანე კორიდორები, მოიზიდავდა ხალხს - ეს კი ქეყნის ეკონომიკისთვის იქნებოდა შესაძლებლობა სწრაფად და მარტივად გამკლავებოდა კრიზისს. თუმცა, საზღვრები არ გახსნილა და ეს მოლოდინებიც იყო არასწორი.
ჯერ კიდევ მაისში ცალსახა იყო, რომ ტურისტული სეზონი საქართველოში ჩავარდებოდა და ჩავარდა კიდეც. ციფრებში რომ ვთქვათ, დაახლოებით 8-10 მილიარდ ლარამდე გვაქვს ზარალი ანუ არშემოსული თანხა, რომელიც არა მხოლოდ ტურიზმის სექტორს, არამედ მათ შორის ჯაჭვურად სხვა სექტორებს (მომსახურების სფეროს, სოფლის მეურნეობის თუ ტრანსპორტის სფეროებს) დააკლდა. რეალურად კი ეს თანხა საქართველოს ეკონომიკას დააკლდა. ამასთან, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ წელს ზამთრის სეზონიც არ იმუშავებს.
ანუ რა ხდება დღეს - ჩვენ ტურიზმის ინდუსტრიას არასწორი მენეჯმენტის გამო დავაკელით 8-დან 10 მლრდ ლარამდე, პლიუს ამას კრიზისის წინაშე მდგომ კომპანიებს გადარჩენაში ვეხმარებით და ისევ ჩვენი დაკლებული ბიუჯეტიდან ვაფინანსებთ, ანუ ყველა ვარიანტში მინუსში მივდივართ და რეალურად პერსპექტივა არაფერი გვაქვს. ამიტომ ცუდი და უარესი არჩევანი სწორედ ეს არის - უნდა შევეუგოთ ფაქტს და მაქსიმალურად ვეცადოთ ეს კრიზისი 2020-2021 წლის გაზაფხულამდე გავიტანოთ,“- განაცხადა ასათაშვილმა.