სტატისტიკის სამსახური, ბიზნეს სექტორის ბრუნვის განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2020 წლის მეორე კვარტალში, საქართველოში ბიზნესის ბრუნვის მოცულობამ 22.3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.5 პროცენტით ნაკლებია.
კლების ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2020 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 9.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18.3 პროცენტით ნაკლებია.
2020 წლის II კვარტალში მთლიანი ბრუნვის 58.8 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 17.8 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 23.4 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.
მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 43.7 პროცენტი, საშუალოზე - 25.7 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 30.6 პროცენტი.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 36.7 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 27.4 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 10.1 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 6.3 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 5.8 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება -3.4 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 10.2 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება.