ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა და ხელფასები შემცირდა

2020-ის მეორე კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა. ასევე შემცირდა საშუალო ხელფასიც. საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე კი 2 154.5 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.4 პროცენტით ნაკლებია.

2020 წლის II კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 631.8 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.1 პროცენტით ნაკლებია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40.9 პროცენტი ქალია, ხოლო 59.1 პროცენტი - კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.4 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.5 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.1 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 599.5 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 7.2 პროცენტით ნაკლები). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2 154.5 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.4 პროცენტით ნაკლები).

2020 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 175.6 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 65.5 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 916.3 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 29.7 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით

საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

⦁ მსხვილი ბიზნესი – 1 204.1 ლარი

⦁ საშუალო ბიზნესი – 1 289.9 ლარი

⦁ მცირე ბიზნესი – 1 055.2 ლარი

ცნობისთვის, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წლის II კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.5 პროცენტით შემცირდა და 22.3 მილიარდი ლარი შეადგინა.