ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მცირე და საოჯახო სასტუმროებისთვის, ბანკის სესხების პროცენტის სუბსიდირების ვადის 12 თვემდე გახანგრძლივება, ძალიან მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა.
„ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვეხმარებით ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორს - ტურიზმის ინდუსტრიას. კერძოდ მცირე და საოჯახო სასტუმროებს და მოვახერხეთ 6 თვის ბანკის სესხის პროცენტის სუბსიდირება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს პროგრამა გაგრძელდება და უკვე 12 თვის ბანკის სესხის პროცენტი იქნება სუბსიდირებული სახელმწიფოს მხრიდან. ეს გაკეთდება საკმაოდ კომფორტულად და სასტუმროებისთვის, ვინც უკვე მოგვმართა, მათ დამატებითი აპლიკაციის წარდგენა არ დასჭირდებათ და ჩვენ უბრალოდ ბანკებთან ვიმუშავებთ. ვისაც ამ დრომდე არ აქვს მომართული, 10 ოქტომბრამდე ეძლევა საშუალება იმისთვის, რომ მიმართოს დამფინანსებელ ბანკებს და „აწარმოე საქართველოში“ ოფისებს. ეს არის მნიშვნელოვანი პირველ რიგში იმისთვის, რომ სასტუმროებმა შეინარჩუნონ დასაქმება, შეინარჩუნონ ის პერსონალი, რომელიც ჰყავთ და უფრო მეტი საბრუნავი საშუალება გაუჩნდეთ. ეს არის ძალიან დროული გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ პანდემია ჯერჯერობით პოზიციებს არ თმობს. ჩვენ მართალია ვმართავთ სიტუაციას, მაგრამ დიდად არის დამოკიდებული ტურიზმი და უფრო მეტად შიდატურიზმი ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე“, - განაცხადა თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, ახალმა პროგრამამ „იმუშავე საქართველოდან“ საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა და უკვე 200-ზე მეტი მოქალაქეა დაინტერესებული სხვადასხვა ქვეყნიდან.
„იმუშავე საქართველოდან“ პროგრამაში ჩართვის განაცხადი მივიღეთ სხვადასხვა ქვეყნიდან. ჯამში 200-მდე განაცხადია. განაცხადის რაოდენობის მიხედვით ტოპ ხუთეულში შედის: აშშ, იაპონია, სამხრეთ აფრიკა, კანადა და ტაილანდი. ასევე, განაცხადები შემოსულია სინგაპურიდან და ახალი ზელანდიიდან. ზუსტ ინფორმაციას პერიოდულად გამოვაქვეყნებთ. ამ პროგრამით სარგებლობისთვის მოქალაქე რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. მინიმუმ 2000 დოლარი უნდა ჰქონდეს ყოველთვიური შემოსავალი, უნდა იყოს დადასტურებული, რომ ეს ადამიანი მართლაც მუშაობს კონტრაქტით და დასაქმებულია რომელიმე საერთაშორისო კორპორაციაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღემდე მიღებული განაცხადიდან უმეტესი ნაწილი დადასტურდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.