ნათია თურნავა - ჩვენი ეკონომიკა თანდათან ჯანსაღდება, მიუხედავად იმისა, რომ პანდემია არსად წასულა

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად საქართველოს ეკონომიკა ჯანსაღდება.

„ჩვენ ვისწავლეთ ეპიდემიოლოგიური საფრთხის იმდაგვარად მართვა, რომ მინიმალური შეზღუდვებით გავდივართ ფონს. ანუ ჩვენ ვიპოვეთ ოქროს შუალედი, მინიმალური შეზღუდვებით და მაქსიმალური სიფხიზლით ვმართავთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. ვცდილობთ, რომ არ დავაზარალოთ ბიზნესი, მაგრამ ამავდროულად ჩვენი პირველი პრიორიტეტია ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ჩვენი ეკონომიკა თანდათან ჯანსაღდება, მიუხედავად იმისა, რომ პანდემია არსად წასულა. თქვენ ხედავთ მობილობა გაიზარდა, შესაბამისად ინფიცირების რიცხვებიც გაიზარდა, მაგრამ აქტიურად ვრეაგირებთ - ტესტირების მოცულობა იზრდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის კლების ტემპი თანდათან სუსტდება.

„ეკონომიკის კლების მაჩვენებელი ივლისში იყო 5%, ივნისში იყო - 7,7% და მანამდე იყო 16%. შესაბამისად, ვისწავლეთ თანაცხოვრება ვირუსთან, მაგრამ, რა თქმა უნდა, მხარდაჭერა გვჭირდება მოსახლეობისგან და ბიზნესისგან“, - განაცხადა თურნავამ.