„საქართველო იყო და რჩება ერთ-ერთი ლიდერი რეგიონში, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსოფლიოში, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით.
„რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ შევდივართ საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყანაში, ეტაპობრივად ხდება ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესება, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის ზრდა. თუმცა, ის რეფორმები, რომელიც მიმდინარეობს (და ეს ხაზგასმულია არაერთი საერთაშირისო, როგორ სარეიტინგო კომპანიის, ისე ჩვენი პარტნიორების მიერ), არის სწორედ იმ სტაბილურობის საფუძველი, რომელიც შემდგომში უკვე იქნება მოსახლეობის კეთილდღეობაზე ასახული.
ეს არის სტატისტიკური მონაცემები, რომელსაც ვერსად ვერ გავექცევით, საქართველო იყო და რჩება ერთ-ერთი ლიდერი რეგიონში, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. ჩვენ ვართ გლობალური ეკონომიკის და რეგიონის ნაწილი და S&P-ის ანგარიშში ერთმნიშვნელოვნად არის აღნიშნული, რომ მიუხედავად ძალიან დიდი გამოწვევებისა, მიუხედავად საგარეო შოკებისა, საქართველოს ეკონომიკამ მოახერხა და გაიზარდა, მაჩვენებლით კი ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში.
ამავეს ვიტყოდი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, სადაც მოგეხსენებათ, ძალიან მნიშვნელვანი მიღწევები გვქონდა იგივე რეინვესტირების მაჩვენებლით, რომელიც გასამმაგდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკაში, მივყვებით მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს.
რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ ისეთ რთულ პერიოდში, რომლის წინაშეც არა მხოლოდ საქართველო, არამედ გლობალურად მთელი მსოფლიო დგას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას ექნება იგივე ხასიათი, როგორიც ჰქონდა გასულ წლებში.
კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსოფლიოში, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით“,-განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.