მიმდინარე წლის სექტემბერში საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულება ამოქმედდება. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ახალი დებულების გავრცელების სფერო გაფართოვდა და კომერციული ბანკების გარდა, გავრცელდება არასაბანკო სუბიექტებზეც, კერძოდ, რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებზე და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე.
მათივე ცნობით, ეს საგადახდო ბაზარზე ერთიანი სტანდარტის დანერგვას უზრუნველყოფს ყველა იმ სუბიექტისთვის, რომლებიც საბარათე ინსტრუმენტს უშვებენ ან საქონლის/მომსახურების საფასურის საბარათე ინსტრუმენტებით გადახდას უზრუნველყოფენ ( ე.წ. ექვაირინგი).
„2011 წელს მიღებული რეგულაცია ვეღარ პასუხობდა საგადახდო სფეროში არსებულ თანამედროვე, უახლეს ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს. მაგალითად, ვირტუალური/ციფრული ბარათებისა და აპლიკაციების ფუნქციონირებისათვის ფიზიკური პლასტიკის ბარათის არსებობა სავალდებულო არ არის. კანონმდებლობის დონეზე, ასევე, განიმარტა მრავალფუნქციური ბარათის ქო-ბეჯინგის ცნება, რომელიც ერთ ბარათზე სხვადასხვა გადახდის სქემის (მაგალითად, ტრადიციული საბარათე და ინოვაციური მყისიერი გადახდების სქემები) არსებობის საშუალებას იძლევა.
ამ დებულებით პირველად დარეგულირდა საქონლის ან მომსახურების საფასურის საბარათე ინსტრუმენტებით გადახდის საკითხები. ექვაირინგის მომსახურების ნაწილი, როგორიცაა სავაჭრო/მომსახურების ობიექტებთან ურთიერთობა და მათი ტექნიკური უზრუნველყოფა, შესაძლოა სხვა რეგულირებადმა პირმა აწარმოოს, რომელსაც სუბ-ექვაირერი ეწოდება. დებულება ასევე ფარავს სავაჭრო პლატფორმების (market place) კონცეფციასაც.
დებულების მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხს. კერძოდ, დეტალურადაა გაწერილი მომხმარებელთან გასაფორმებელი მომსახურების ხელშეკრულების ძირითადი პირობები და პროვაიდერის ვალდებულება, რომლის მიხედვით მან მომხმარებელს უნდა გააცნოს საბარათე ინსტრუმენტის გამოყენების წესები, თაღლითობისგან დაცვის მექანიზმები, საბარათე ოპერაციებთან დაკავშირებული კონვერტაციის პრინციპები და სხვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.