კახა კალაძე - კასპი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

მისივე თქმით, უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი პროგრამა განხორციელდა, რომლითაც ქვეყნის მოსახლეობამ ისარგებლა.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნმა ამის შესახებ განცხადება კასპში მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენისას გააკეთა.

„ძალიან მიხარია, რომ ვიმყოფებით კასპში, მუნიციპალიტეტში, სადაც უამრავი ისტორიული და კულტურული ძეგლი გვხვდება. ამ ადგილებში ადამიანები ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში სახლობდნენ და იმ დროიდან მოყოლებული, ჩვენმა წინაპრებმა განავითარეს და შემოგვინახეს ეს მხარე ისეთი მშვენიერი, როგორიც დღეს გვაქვს.

კასპი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა. კასპში არის ბევრი მნიშვნელოვანი საწარმო, რომლის პროდუქციით მარაგდება მთლიანად საქართველო. მე მოხარული ვარ, რომ ამ დოვლათს თქვენ, მშრომელი ადამიანები ქმნით, რისთვისაც მინდა, თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ.

ჩვენი ხელისუფლების მიზანიც სწორედ ის არის, რომ ქვეყანაში, კასპის მუნიციპალიტეტში, განვითარება იყოს დინამიური და ხელშესახები.განვლილი წლების მანძილზე, ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკისა და სხვა ძირეულ საკითხებში, თუნდაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ძალიან მიხარია, რომ ამ 8 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი პროგრამა განხორციელდა, რომლითაც ისარგებლა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ და შედეგი უკვე სახეზეა.

წარმოების განვითარებაზე ზრუნვის პრალელურად, ინერგება გარემოს დაცვითი მაღალი სტანდარტები, ეს კასპისთვის მნიშვნელოვანი საკითხია და ამაზე ჩვენი ხელისუფლება ნამდვილად განსაკუთრებით ზრუნავს და მომავალშიც გააგრძელებს ზრუნვას.

ამ ყველაფერთან ერთად, ბუნებრივია, გამოწვევები ჩვენს წინაშე ისევ ბევრი რჩება. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, ის პრობლემური საკითხები, რომლებიც თითოეულ თქვენგანს აწუხებს. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ შევიკრიბეთ აქ იმისთვის, რომ საზოგადოებას, ადგილობრივ მოსახლეობას წარვუდგინოთ ადამიანები, რომლებიც კასპის და კასპელების ინტერესებს გაატარებენ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივ თვითმმართველობაში.

მინდა, ერთ რამეს ხაზი გავუსვა - 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ძალიან ბევრი გამარჯვება მოვიპოვეთ ერთიანი ძალისხმევით და ეს ყველაფერი შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთად დგომით. ამჯერადაც, დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერითა და თანადგომით ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას და ეს გამარჯვება შესაძლებელი იქნება პირველივე ტურში.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“- განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძის განცხადებას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.