"არა მგონია, თავდასხმის ინტერესი ინფორმაცია ყოფილიყო, რადგან ყველა ჩვენი ინფორმაცია გამჭვირვალეა"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერშეტევა ინფორმაციის მოპოვების მიზნით არ მომხდარა და ეს ლუგარის ლაბორატორიის თემის გაღვივების მორიგი მცდელობაა. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, მათი ინფორმაცია გამჭვირვალეა.

„არამგონია, რომ თავდასხმის ინტერესი ინფორმაცია ყოფილიყო, რადგან ყველა ჩვენი ინფორმაცია გამჭვირვალეა და დევს სხვადასხვა სოციალურ და ვებ-გვერდებზე. ხშირად ჩვენი პუბლიკაციები პრესაშია, იქნება ეს სამეცნიერო თუ საზოგადოებრივი პრესა, ამიტომ არ მგონია ეს. უბრალოდ, ვფიქრობ, გუშინ, რომ გამოჩნდა, თითქოს „ნოვიჩოკი“ მზადდება და მათ შორის ეს ლაბორატორიაც დასახელდა, ეს მორიგი თემის გაღვივებაა. რადგან ლუგარი ქართულ-ამერიკული პროექტი გახლავთ, როდესაც უნდათ ასე აღვივებენ ამ თემას. ვინც, ამ საკითხს აღვივებს, ყოველთვის ცდილობს, რომ დისკუსიაში შეგვიყვანონს და უკვე, ამას აღარ ვპასუხობ. ამაზე პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არის მორიგი სისულელე, მორიგი ჭორი, მორიგი ძალიან იაფფასიანი „ტრიუკი“, რომელზეც უნდათ, რომ როგორმე დისკუსიაში შეხვიდე“, - განაცხადა გამყრელიძემ.