მოთხოვნა 50%-ით გაიზარდა - ,,არსი“ იპოთეკური სესხების სუბსიდირების ორ თვეს აფასებს

მთავრობის მხრიდან იპოთეკურ სესხებზე 4%-იანი სუბსიდირების პროგრამამ ბინების გაყიდვები მნიშნელოვნად გაზარდა.

,,ბიზნეს პრესნიუსთან” საუბრისას ,,არსის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ კომპანიას რეალიზაცია 50%-ით გაეზარდა. მისივე ინფორმაციით, სუბსიდირების პროგრამაზე ბიუჯეტიდან უკვე 120 მლნ ლარზე მეტი მოცულობის სესხი გაიცა.

პროგრამის ფარგლებში სუბსიდირება იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს ეხება და სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში გრძელდება. ამასთან, სუბსიდირება გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობის იპოთეკურ სესხებზე და მხოლოდ მათ შეეხებათ, ვინც სესხს 2020 წლის 1-ელი ივნისიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე აიღებს.

,,არსის“ გენერალური დირექტორი, ბესო ორთოიძე ამბობს, რომ გაყიდვები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მათ კომპანიაში და ეს ცალსახად იპოთეკური სესხების სუბსიდირების დამსახურებაა.

,,სესხების სუბსიდირების ამოქმედების შემდეგ, გაზრდილია მომართვიანობაც, მოთხოვნაც და შესაბამისად გაცემებიც. პანდემიის შემდეგ, რადიკალური ზრდაა იპოთეკური სესხების გაცემის კუთხით, რაც ცალსახად სუბსიდირების დამსახურებაა.

ჩვენი კომპანიის მაგალითზე გაყიდვები 50%-ზე მეტით არის გაზრდილი სესხების სუბსიდირების ამოქმედების შემდეგ. უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენი კომპანიის შემთხვევაში გავლენა სხვა გარემოებებმა, ახალმა პროქტმა და ა.შ იმოქმედა, მაგრამ მთავარი მაინც სუბსიდირების პროგრამაა. მთავრობის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს გვითხრეს, რომ 120 მლნ ლარზე მეტია უკვე გაცემული“, - განაცხადა ,,არსის“ გენერალურმა დირექტორმა.