FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - აგვისტოში 2.0 %-ით გაიზარდა და 96.1 ქულა შეადგინა, რაც 2019 წლის ამავე პერიოდის ნიშნულს 7%-ით აღემატება.
როგორც FAO-დან იუწყებიან, აგვისტოში, მცენარეულის ზეთზე ფასები წინა, ივლისის, თვესთან შედარებით 5.9%-ით გაიზარდა. ფასების ზრდა შეეხო, როგორც პალმის ასევე მზესუმზირის ზეთს. ზრდის მიზეზად, საწარმოო პროცესში შექმნილი შეფერხებები და მსოფლიოს მასშტაბით, პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნა სახელდება.
„6.7%-ითაა მომატებული FAO-ს შაქრის ფასების ინდექსიც, რასაც ხელი შეუწყო შაქრის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მწარმოებელ ქვეყანაში, ტაილანდში და ასევე ევროკავშირში, წარმოების შეფერხებამ და ჩინეთის მხრიდან პროდუქტზე გაზრდილმა მოთხოვნამ.
აგვისტოში თითქმის უცვლელი დარჩა, FAO-ს რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. ბალანსი ყველსა და რძის ფხვნილზე ფასების კლებამ და კარაქზე ფასების ზრდამ გამოიწვია. ფასების კლება განპირობებული იყო, ოკეანეაში რძისა და ყველის სეზონური მარაგების არსებობით. კარაქზე კი ფასმა გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე აიწია“, - აღნიშნულია ინფორმციაში.
მათივე ცნობით, ფაქტობრივად უცვლელი დარჩა ხორცის ფასების ინდექსიც, რომელმაც ივნისში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 8.9%-ით დაიწია. საქონლისა და ღორის ხორცზე ფასების ვარდნას, ხელი შეუწყო პროდუქტის უხვმა მარაგებმა და მასზე არსებულმა დაბალმა მოთხოვნამ.
„ივლისთან შედარებით 2%, ხოლო, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 7%-თაა მომატებული მარცვლეულის ფასების ინდექსი. სორგოზე ფასი 8.6%-ით გაიზარდა და 33.4 ქულა შეადგინა. ზრდის მთავარ მიზეზად, ჩინეთის მხრიდან მარცვლეულზე გაზრდილი მოთხოვნა სახელდება. რაც შეეხება ბრინჯს, მიუხედავად მარცვლეულის უხვი სეზონური მარაგებისა, პროდუქტზე ფასები 2.2%-ით გაიზარდა. ზრდას ხელი შეუწყო აფრიკაში მარცვლეულზე მაღალმა მოთხოვნამ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.