ხობში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

ხობში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროს ცხელ ხაზზე, 30 აგვისტოს შევიდა ინფორმაცია, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსა-დღვაბას მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მუნჩიაზე უკანონო თევზჭერის შესახებ.

სავარაუდოდ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთას მკვიდრი, ორ უცნობ პირთან ერთად, აკრძალული საშუალებით - თვითნაკეთი ელექტროშოკის აპარატით, ე.წ. „პილინგით“ თევზაობდა.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები სავარაუდო დანაშაულის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ, თუმცა ადგილზე სავარაუდო სამართალდამრღვევები აღარ დახვდათ. ზარის ინიციატორების ინფორმაციით, ბრაკონიერები დანაშაულის ადგილიდან ავტომანქანით მიიმალნენ.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა. საქმეზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.