ექსკურსიებთან დაკავშირებით წესები შესაძლოა, გამკაცრდეს - რა მოთხოვნების დაცვა იქნება საჭირო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.

ერთ-ერთი ინიციატორის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, კანონპროექტი არეგულირებს სკოლის მიერ ორგანიზებულ სასკოლო ღონისძიებებისას მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

კერძოდ, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, პროექტის მიღების შემთხვევაში დარეგულირდება სასკოლო ღონისძიებების დროს სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით უსაფრთხო გადაყვანის საკითხი, რითაც მაქსიმალურად შემცირდება სასკოლო ღონისძიებისას სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირების დროს უბედური შემთხვევის რისკი.

ცვლილებების თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიებისას უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეების გადაყვანას, მათ შორის, ვალდებული იქნება იქონიოს ცნობა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შესახებ, რომლის გაცემის თარიღსა და სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. ამას გარდა, კანონპროექტი გულისხმობს, რომ:

  • ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილ უნდა იქნეს შიდა და გარე ხედვის კამერებით, ცეცხლმაქრითა და პირველადი დახმარების ჩანთით;
  • ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების თითოეული სავარძელი უნდა იყოს აღჭურვილი უსაფრთხოების ღვედით;
  • მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხნული წესით დადგენილი სავარძლების რაოდენობას;
  • იმ შემთხვევაში, თუ სასკოლო ღონისძიების მარშრუტი აღემატება 500 კილომეტრს, ძირითად მძღოლს თან უნდა ახლდეს სათადარიგო მძღოლი;
  • როგორც ძირითად ისე სათადარიგო მძღოლს უნდა გააჩნდეს შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლება, რომელიც სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღამდე არანაკლებ 5 წლით ადრე უნდა იყოს აღებული;
  • ამასთან, მძღოლი ვალდებული იქნება სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძებაზე სკოლის მოსწავლეთა გადაყვანისას წარმოადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.

თაია არდოტელი