"ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მთელი რიგი ღონისძიებები არასაბანკო სექტორის ფინანსური რეგულირებისა და ზედამხედველობის გაძლიერებას ემსახურება", - ასე აფასებს საერთაშორისი სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირებისა და ზედამხედველობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს შეფასების დოკუმენტში. აღნიშნული დოკუმენტი ტექნიკური მისიის ფარგლებში მომზადდა და დღეს გამოქვეყნდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეროვნულ ბანკს გასული წლის ნოემბერში სტუმრობდა.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი ძალისხმევით, მნიშვნელოვნად გაძლიერდა არასაბანკო საკრედიტო ინსტიტუტებისა და მათი საქმიანობის პრუდენციული რეგულირება და ზედამხედველობა. "ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა ზომებმა ხელი შეუწყო არასაბანკო სექტორის მდგრადობის ზრდას, გააჯანსაღა სექტორი და გააუმჯობესა მიკროსაფინანსოების ბრენდის რეპუტაცია", - აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასების დოკუმენტში.
მისიის შეფასებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მონაცემთა შეგროვების, დისტანციური ზედამხედველობისა და ადგილზე შემოწმების პროცესები, რის შედეგადაც გაძლიერდა არასაბანკო სექტორის საზედამხედველო ჩარჩო. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის დაწესდა კაპიტალის და ლიკვიდობის მინიმალური მოთხოვნები და გაიზარდა გამჭვირვალობის სტანდარტი. არასაბანკო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ეროვნული ბანკის რეგულირების წესები და საზედამხედველო ჩარჩო შესაფერისია და ხელს უწყობს სექტორის რეპუტაციის გაუმჯობესებას.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ წელიწადში არასაბანკო სექტორის რეგულირებისა და ზედამხედველობის მიმართულებით საკანონმდებლო ბაზაში განხორციელებულმა ძირეულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად შეამცირა რისკები და სექტორი საგრძნობლად გააჯანსაღა. საკანონმდებლო ცვლილებები შეეხო როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ვალუტის პუნქტებს, ისე ბაზრის იმ სეგმენტს, რომელიც წლების განმავლობაში საფინანსო საქმიანობას რეგულირების გარეშე ეწეოდა, მაგალითად სესხის გამცემი სუბიექტებს. აღნიშნული ცვლილებები ხელს უწყობს მომხმარებელთა უფლებების დაცვას, შეთავაზებული მომსახურების ხელმისაწვდომობასა და უსაფრთხოებას. სწორედ სექტორის გაჯანსაღებამ მისცა ეროვნულ ბანკს იმის საშუალება, რომ პანდემიის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის ლიკვიდობის მხარდამჭერი პროდუქტები შეექმნა. 2-3 წლის წინ - სექტორის რეგულირების არქონის პირობებში - ეს შეუძლებელი იქნებოდა.
"მიკროსაფინანსო სექტორის ზედამხედველობის წინსვლა ხელს უწყობს როგორც ამ ორგანიზაციების რეპუტაციის ამაღლებას, ისე სანდოობის ზრდას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ინვესტორთათვის," - აღნიშნულია შეფასების დოკუმენტში.