ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვასთან დაკავშირებით, კანონში ცვლილებები იგეგმება

ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვასთან დაკავშირებით, კანონში ცვლილებები იგეგმება.

ამის შესახებ პარლამენტის 2020 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.

კერძოდ, როგორც გეგმაშია ნათქვამი, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა მძღოლის სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა. კანონის არსებული რედაქციით, თუ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა ტესტირების მეშვეობით გამოვლინდა, მძღოლი უფლებამოსილია ტესტირებიდან 2 საათის განმავლობაში მიმართოს შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებას კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლის აღებისა და მასში ეთანოლის შემცველობის დადგენის მიზნით.

„ვინაიდან ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა, 0,3 პრომილეზე ნაკლები ნებისმიერი ოდენობა საექსპერტო დასკვნებში აღინიშნება, როგორც ფხიზელი მდგომარეობა.

საჭიროა უფრო დეტალურად გაიწეროს პირველი ტესტირებიდან შემდგომი 2 საათის განმავლობაში განმეორებითი შემოწმებისას სისხლში ეთანოლის შემცველობის გამოთვლის წესი, რათა დადგინდეს პირი იყო თუ არა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში უშუალოდ ავტომობილის მართვის დროისათვის,“-ვკითხულობთ მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტების გეგმაში, რომლის განხილვაც პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე უნდა მოხდეს.

თაია არდოტელი