საფრანგეთი კორონავირუსის პანდემიის გამო ღრმა კრიზისში მყოფი ეკონომიკის გაჯანსაღებაში 100 მლრდ ევროს ჩადებას გეგმავს.
აღნიშნულის შესახებ მოწმობს ქვეყნის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის რეფორმების პროგრამა, რომელიც ბიზნეს ინტერესებს უნდა მოხმარდეს.
მასტიმულირებელი პაკეტი ითვალისწინებს მშპ-ს 4%-ის ინვესტირებას ეკონომიკაში, ეს კი ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მსხვილი ინვესტიცია იქნება ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის, პოსტპანდემიურ პერიოდში.
ცნობისთვის, საფრანგეთში ეკონომიკური რეცესია, ერთერთი ყველაზე ღრმაა ევროპის ქვეყნებს შორის. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში როცა მოქმედებდა ლოქდაუნი, საფრანგეთის მშპ 13,8%-ით შემცირდა, წლის განმავლობაში კი ვარდნამ 11% შეადგინა.
მასტიმულირებელი პაკეტი ითვალისწინებს 35 მილიარდი ევროს გამოყოფას ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ასაწევად, 30 მილიარდი ევრო მიემართება უფრო ეკოლოგიური ენერგოპოლიტიკის გატარებისკენ, 25 მილიარდი კი სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად.
„ეს გეგმა დაიცავს ჩვენს ეკონომიაკს კრახისგან და უმუშევრობის მკვეთრი ზრდისგან“, - განაცხადა ქვეყნის პრემიერმა ჯან კასტეკსმა. მისივე თქმით, ამ გეგმით ხელისუფლება მომავალი წლისთვის 160,000 სამუშაო ადგილს შექმნის.