„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე კორონავირუსის გავრცელების გამო კარანტინის გამოცხადებისა და სკოლების, ბაღების ან კონკრეტული რეგიონების ჩაკეტვის საჭიროებას ვერ ხედავს.
ჩიხლაძე იმედოვნებს, რომ მთავრობა იგივე შეცდომებს არ გაიმეორებს, რადგან ასეთი ქმედებებით თავადვე დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ მმართველი გუნდი ქვეყანაში შექმნილ კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებულ პროცესებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
„საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის ინიციატივით, სამსახურის მიღმა დარჩენილი ადამიანებისთვის გამოიყო 200-200 ლარი ექვსი თვის განმავლობაში. ზოგიერთმა მიიღო აღნიშნული თანხა ექვსი თვის მანძილზე, ხოლო ნაწილს ეს დახმარება ორი თვის შემდეგ შეუწყდა. არადა ამ ადამიანებმა სამსახური დაკარგეს, მერე ვიღაცას სამადლოდ 20 ლარი ჩაერიცხა, ბოლოს კი, იძულებულები გახდნენ უფრო დაბალ ანაზღაურებადი სამსახური სადმე თავად ენახათ. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ჩარიცხვები მარტში, აპრილსა და მაისში არ განხორციელებულა, ეს დაიწყო ივლისში ანუ ადამიანები სამი თვის განმავლობაში სამსახურის გარეშე არსებობდნენ და შემოსავალი 1 ლარიც არ ჰქონდათ. პროცესი გახდა უმართავი, საბოლოოდ აღნიშნული დახმარება მიზნობრივ სეგმენტს სრულადაც არ მიუღია. ასეთ გაურკვევლობაში მყოფი 68 000-ზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა, რომლებსაც საერთოდ უარი უთხრეს დახმარებაზე“, - აღნიშნავს სერგო ჩიხლაძე.
ამასთან, სერგო ჩიხლაძე გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ „BELLINGCAT“-ისა და IDF-ის დასკვნას. „სადაც ხაზგასმით აღნიშნულია, რომ პირდაპირი, გადაუდებელი შესყიდვების გზით „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა კომპანიებმა 43 მლნ ლარის შესყიდვები განახორციელეს და ტენდერები მოიგეს. სწორედ, აქედან 21 მლნ ლარი მიემართებოდა იმ სასტუმროების ბიუჯეტში, რომლებიც კარანტინის დროს დაკავდნენ. გამორიცხული არ არის ამ ფონზე მთავრობამ პროცესები კვლავინდებურად თავის სასარგებლოდ წარმართოს“, - აღნიშნავს სერგო ჩიხლაძე, რომლის კომენტარს „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.