ICR-ჯგუფი რამდენიმე მაღაზიის დახურვას გეგმავს - „თავად ბრენდებს აქვთ პრობლემა“

„რამდენიმე მაღაზიის დახურვას ვგეგმავთ, თვითონ ბრენდს აქვს პრობლემა“ , - ამის შესახებ „აი სი არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ „ბიზნესპრესნუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ეს ეხება „პარფოისს“, რომლის ფილიალებიც უკვე იკეტება.

რაც შეეხება სხვა ბრენდებს, კითხვაზე, რამდენად შეძლეს კორონავირუსით გამოწვეული სირთულეების დაძლევა, კახა ხაზარაძე ამბობს, რომ ეს დაახლოებთ, 2-3 კვირაში გამოჩნდება, მას შემდეგ, რაც მაღაზიები ახალი კოლექციის გაყიდვას დაიწყებენ.

ცნობისთვის, „აი სი არ ჯგუფი“ ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის 80-მდე საერთაშორისო ბრენდს, კვების ობიექტებს და 400-მდე მაღაზიას აერთიანებს.

„ჯერ რთულია იმის ანალიზი, ბრენდებმა შეძლეს თუ არა კრიზისული ვითარებიდან გამოსვლა. აქ რამდენიმე ფაქტორია, რომელთა შორის ერთი-ერთია ის, რომ ფასდაკლებების პერიოდი იყო და მიმდინარეობდა საქონლის განაშთვა, მაგაზე ჩვენ ალბათ, 2-3 კვირა გვჭირდება. იმიტომ, რომ ახალი კოლექციების გაყიდვა სექტემბრის პირველი კვირიდან იწყება და იმის მიხედვით გვეცოდინება როგორია ტენდენცია.

ამ პერიოდის განმავლობაში ობიექტები არ დახურულა, თუმცა რამდენიმე მაღაზიის დახურვას ვგეგმავთ, თვითონ ბრენდს აქვს პრობლემა. ამ ეტაპზე ეს არის „პარფოისი“. ჯერჯერობით იხურება ფილიალები, ბაზრიდან სრულად გავა თუ არა, წლის ბოლოს გახდება ცნობილი“,- ამბობს კახა ხაზარაძე.

ნინი ქეთელაური