ეროვნული ბანკი ფინანსურ ინსტიტუტში სტატისტიკური მოდელების რისკის მართვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების მიზნით ახალ დებულებას ამტკიცებს

საქართველოს ეროვნული ბანკი „მონაცემებზე დაფუძნებული სტატისტიკური, ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების მოდელების რისკების მართვის" დებულებას ამტკიცებს,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკიდან იუწყებიან.

სებ-ის განცხადებით, საფინანსო სექტორში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაცემთა მეცნიერებაზე დაფუძნებული მოდელების გამოყენება სულ უფრო აქტუალური ხდება. აღნიშნული მოდელები ზრდის ეფექტიანობას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და ავტომატიზირების პირობებში გადაწყვეტილებების მიღების ხარისხს.

„COVID-19-ის პანდემიის ფონზე, მიმდინარე გამოწვევების საპასუხოდ, დისტანციური და ავტომატიზებული საბანკო მომსახურების განვითარების ხელშეწყობა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკურ მოდელებს და, განსაკუთრებით, მანქანური სწავლების და ხელოვნური ინტელექტის მოდელებს, შესაძლოა გამჭვირვალობის დაბალი ხარისხი გააჩნდეთ. შესაბამისად, იზრდება როგორც მოდელის რისკის მართვის მნიშვნელობა, ასევე დღის წესრიგში დგება მოდელის ეთიკური გამოყენების პრინციპების შემუშავების აუცილებლობა. სწორედ ამიტომ, ფინანსურ ინსტიტუტში მოდელის რისკის მართვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას და რისკის შერბილების ახალი მიდგომების განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ეროვნულმა ბანკმა, მოდელების ჯანსაღი გამოყენების წასახალისებლად და პოტენციური რისკების შესარბილებლად, მონაცემებზე დაფუძნებული სტატისტიკური, ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების მოდელების რისკების მართვის დებულება შეიმუშავა. დებულების მიზანია მოდელის რისკის მართვის ჩარჩოს ჩამოყალიბებისა და რისკების ეფექტიანად მართვის უზრუნველყოფა. აღნიშნული დებულება მოდელის აგების, ვალიდაციისა და გამოყენების ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს. მოდელის რისკის მართვასთან დაკავშირებული სტანდარტები ითვალისწინებს საქართველოს ფინანსურ სექტორში არსებულ პრაქტიკას, გამოწვევებს და თანამედროვე საერთაშორისო საზედამხედველო გამოცდილებას. დოკუმენტში განსაზღვრულია საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები მოდელის რისკის მართვის პროცესთან დაკავშირებით. დებულების მოთხოვნები აგებულია პროპორციულობის და რისკებზე ორიენტირებული საზედამხედველო მიდგომის პრინციპების გათვალისწინებით. დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინება ყველა ფინანსური ინსტიტუტისთვის სავალდებულო იქნება“, - აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.