სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა და მათი ანაზღაურება შემცირდა

2020 წლის მეორე კვარტალში დარგობრივ ჭრილში შემოსავალი მათ შორის სამშენებლო სექტორმაც დაკარგა.

ამ სექტორის ბრუნვამ მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში 1 395 569 100 ლარი შეადგინა, რაც 482 230 900 ლარით ნაკლებია, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე. კერძოდ, ამავე დარგის ბრუნვა წინა პერიოდში 1 877 800 000 ლარს შეადგენდა.

ოფიციალური მონაცემებით, სექტორში შემცირებულია დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაც. კერძოდ, 2020 წლის მეორე კვარტალში სამშენებლო საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება 150.6 ლარით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, 2020 წლის მეორე კვარტალში სამშენებლო ბიზნესში დასაქმებულების საშუალო ხელფასი 1 634 ლარი იყო, მაშინ, როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 1 784.6 ლარს შეადგენდა.

კლება იყო დასაქმებულების რაოდენობის მხრივაც. კერძოდ, 2020 წლის მეორე კვარტალში სექტორში დასაქმებული იყო 57 796 ადამიანი, 2019 წელს კი ეს მაჩვენებელი 68 895 იყო.

თაია არდოტელი