ნიკ და სტივ ტიდბოლები ბრიტანელი ძმები არიან, რომლებმაც 10 წლის წინ მეტად უჩვეულო იდეა დაისახეს მიზნად და დაუღალავი შრომის შედეგად საბოლოო მიზანს მიაღწიეს - მათ ახალი ქსოვილი შექმნეს, რომელიც ბიოდეგრადირებადია და რამდენიმე კვირაში იშლება.
სტივი და ნიკი მორბენლები არიან, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა შეჯიბრებაში იღებენ მონაწილეობას. ერთხელ ძმები ამაზონის ჯუნგლებში ერთ-ერთ ასეთ ტურნირში მონაწილეობდნენ, სადაც მათ გარდა კიდევ ასობით სპორტსმენი იყო.
7-დღიანი მარათონის დასრულების შემდეგ სპორტსმენების უმეტესობამ დაზიანებული და დახეული სპორტული ტანსაცმელი გაიხადა და ერთად მოაგროვა. შემდეგ კი, ტანსაცმლის დიდ გროვას ცეცხლი წაუკიდეს.
„მე და ჩემი ძმა ვუყურებდით, თუ როგორ იწვოდა ამდენი ტანსაცმელი ერთად და ჰაერში შავი კვამლი ადიოდა. ამან ჩვენზე ძალიან ცუდად იმოქმედა და თავი დამნაშავედ ვიგრძენით“, - იხსენებს სტივ ტიდბოლი.
სახლში დაბრუნების შემდეგ ძმები დაფიქრდნენ, თუ რა შეეძლოთ გაეკეთებინათ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ისინი წლების განმავლობაში ქსოვილების აგებულებას სწავლობდნენ და გადაწყვიტეს ისეთი ტანსაცმელი შეექმნათ, რომელიც ბიდეგრადირებადი იქნებოდა.
ათი წლის შემდეგ კი მათ კომპანია Vollebak დაარსეს, რომელიც მსოფლიოში პირველად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ბიოდეგრადირებად ტანსაცმელს ამზადებს.
კომპანია დღესდღეობით ათობით სახის ტანსაცმელს, მათ შორის შარვლებს, მაისურებსა და ჰუდებს ამზადებს, რომელთა შეძენაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან Vollebak.com-ზეა შესაძლებელი.
ძმების თქმით, ტანსაცმელი საკმაოდ ხარისხიანი, რბილი და კომფორტულია. ისინი მიწაში მოთავსების შემთხვევაში 12 კვირაში სრულიად ქრება.
ისინი აცხადებენ, რომ მათმა იდეამ გაამართლა და ბიოდეგრადირებადი ტანსაცმლის შეძენის სურვილი უამრავ ადამიანს აქვს, ამიტომაც ძმები კომპანიის წარმოებას გაფართოებას გეგმავენ.
CNN-ის ინფორმაციით, 2000-დან 2015 წლამდე მსოფლიოში ტანსაცმლის წარმოება გაორმაგდა, შედეგად კი ნაგავსაყრელებზე ყოველწლიურად მილიონობით ტონა ქსოვილი ხვდება.