4 ცვლილება/შესწორება, რასაც მთავრობა ავტომობილის მართვის მიმართულებით გეგმავს

მთავრობამ პარლამენტს 2020 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა წარუდგინა.

დოკუმენტში მათ შორის, საუბარია, რიგ კანონებში ცვლილების შეტანასა და უფრო დახვეწაზე, რომელიც მძღოლებსა და სატრანსპორტო საშუალებების მართვას შეეხება.

მათ შორის, გეგმაში საუბარია, რომ ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვასთან დაკავშირებით, კანონში არსებული ნორმების დახვეწაა საჭირო. კერძოდ, როგორც გეგმაშია ნათქვამი, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა მძღოლის სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა. კანონის არსებული რედაქციით, თუ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა ტესტირების მეშვეობით გამოვლინდა, მძღოლი უფლებამოსილია ტესტირებიდან 2 საათის განმავლობაში მიმართოს შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებას კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლის აღებისა და მასში ეთანოლის შემცველობის დადგენის მიზნით. დოკუმენტის მიხედვით, ვინაიდან ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა, 0,3 პრომილეზე ნაკლები ნებისმიერი ოდენობა საექსპერტო დასკვნებში აღინიშნება, როგორც ფხიზელი მდგომარეობა. შესაბამისად, საჭიროა უფრო დეტალურად გაიწეროს პირველი ტესტირებიდან შემდგომი 2 საათის განმავლობაში განმეორებითი შემოწმებისას სისხლში ეთანოლის შემცველობის გამოთვლის წესი, რათა დადგინდეს პირი იყო თუ არა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში უშუალოდ ავტომობილის მართვის დროისათვის;

ამასთან, როგორც მთავრობის მიერ წარმოდგენილ გეგმაში ვკითხულობთ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, მძღოლის პასუხისმგებლობას იწვევს გაუქმებული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა. ბუნდოვანების აღმოსაფხვრელად დაზუსტებას საჭიროებს გაუქმებული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით სარგებლობაში იგულისხმება თუ არა ვადაგასული მართვის მოწმობის გამოყენებაც;

კოდექსი პასუხისმგებლობას აწესებს სატრანსპორტო საშუალების წინასწარი შეცნობით სხვისი ან შენიღბული სახელმწიფო სანომრე ნიშნით მართვისთვის. აღნიშნული მუხლი არ შეიცავს შენიღბვის განმარტებას, რაც პრაქტიკაში ქმნის პრობლემას და საჭიროებს დაზუსტებას;

მთავრობა გეგმავს პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრებას საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის გადაზიდვის ან არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობის წესების დარღვევისთვის.

თაია არდოტელი