ტექნოლოგიური გიგანტების აქციებზე ფასები დაეცა

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე პარასკევს საკვანძო ინდექსებმა ვარდნა განიცადეს, ამის მიზეზი კი ტრეიდერების მიზანმიმართული ქმედება გახდა, რომლეთა სურვილი იყო დაეწიათ ფასები ამერიკის უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების ფასიან ქაღალდებზე.

სავაჭრო ბირჟაზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, Dow Jones-ის ინდექსი პარასკევს 411,64 პუნქტით (-1,45%) 27 881,09 ნიშნულამდე შემცირდა. S&P 500-ის ინდექსი კი, რომელიც ამერიკის 500 უმსხვილესი კომპანიის აქციებით ვაჭრობს, 82,21 პუნქით (-2,38%) 3 373,21 ნიშნულამდე დავარდა. ხოლო ელექტრონული ბირჟა Nasdaq-ის ინდექსი 524,11 პუნქტით (-4,57%), დაეცა 10 933,99 ნიშნულამდე.

ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ ისეთი ამერიკული კომპანიების კოტირებების ვარდნაზე, როგორებიცაა Apple, Facebook, Amazon, Netflix და Microsoft. შესაბამისად, Apple-ის აქციები გაიაფდა 5,87%-ით, Facebook -ის - 3,2%-ით, Amazon და Netflix-ის - 2%-ზე მეტით, ხოლო Microsoft-ის ფასიანი ქაღალდები 1,9%-ით.

ტელეკომპანია CNBC-ის ინფორმაციით, ამერიკის უმდიდრესი 4 ადამიანის ქონება კი ჯამში 25 მილიარდი დოლარით შემცირდა. Amazon-ის ხელმძღვანელმა ჯეფ ბეზოსმა 9 მილიარდი დაკარგა, Tesla-ს თავკაცმა ილონ მასკმა 9 მილიარდი, Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა 4 მილიარდი, ხოლო Microsoft-ის შეფმა ბილ გეითსმა 3 მილიარდი.

კოკა კვირკველია