თურქეთის პრეზიდენტის სპეციალური დეკრეტის შესაბამისად, ქვეყანაში ავტომობილების და მაკომპლექტებლების შეტანაზე გადასახადები გაიზარდა. ძველი ტარიფები შენარჩუნდა ადგილობრივი წარმოების ავტომობილებზე. ამ ნაბიჯით, პრეზიდენტი თურქეთში წარმოებული ავტომობილების კონკურენტუნარიანობის გაზრდას ცდილობს.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, 1.6 ლიტრამდე მოცულობის ძრავებით აღჭურვილ იმპორტირებულ ავტომობილებზე, ტარიფები 60-დან 80 პროცენტამდე გაიზარდა. 2.0 ლიტრი და მეტი მოცულობის ავტომობილებზე, ტარიფმა 100-დან 130 პროცენტამდე მოიმატა, უმაღლესი კლასის ავტომობილების ტარიფი კი 160 პროცენტიდან, 22 პროცენტამდე არის გაზრდილი.
მაგრამ საავტომობილო საკონსულტაციო ფირმა EBS-ის გენერალური მენეჯერი ეროლ შაჰინი ამბობს, ადგილობრივი წარმოების ავტომობილებზე ტარიფების დატოვების მიუხედავად, ამ ავტომობილების გაძვირებაც გარდაუვალი იქნება, რადგან მათი წარმოება, უცხოეთიდან შეტანილ მაკომპლექტებლებზეა დამოკიდებული. მისივე თქმით, თურქეთში ავტომობილების იმპორტზე, კვლავ მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტარიფები დაწესდა.
თურქეთი წარმოების პრაქტიკულად ყველა სფეროში ცდილობს იმპორტზე ტარიფების აწევას, რისი მიზანიც, იმპორტის შეზღუდვა და ადგილობრივი წარმოების სტიმულირებაა.
იმ დროს, როცა თურქული ლირას საშუალო კურსი წელს 19 პროცენტით არის გაუფასურებული, ქვეყანაში პანდემიის მიუხედავად, ავტომობილების გაყიდვები იზრდება. ამას პირველ რიგში, ლირაზე განკვეთის კლება უწყობს ხელს, რისი მიზანიც, ლირას კურსის გამყარებაა. ცნობისათვის, შარშანდელი ივლისიდან, ერთი წლის განმავლობაში, ავტომობილების გაყიდვები 387.5 პროცენტით გაიზარდა.