შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, უკრაინის მოქალაქეები: 1998 წელს დაბადებული მ.კ და 1994 წელს დაბადებული მ.ვ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე თბილისში დააკავეს.
როგორც შსს-დან იუწყებიან, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები წარმოადგენდნენ ორგანიზებულ ნარკორეალიზატორთა ჯგუფს, რომლებიც ე.წ „დადების მეთოდით“ გეგმავდნენ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა მათ მიერ, სარეალიზაციოდ გამზადებული და ასევე, შესაბამის ლოკაციებზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს. სულ ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 1000-მდე აბი სუბოტექსი.
დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება მეტადონი.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-260-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,“- აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.