„კანონის უზენაესობა ევროპული ღირებულებების ქვაკუთხედია, მაგრამ საქართველოში უცხოელ ინვესტორებს ეს უფლება ეზღუდებათ“, - წერს ყოფილი ევროკომისარი ფრანკო ფრატინი გამოცემა the parliament magazine-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
ფრატინი ორჯერ იკავებდა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს; 2004-2008 წლებში იყო ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი და ხელძღვანელობდა იუსტიციის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების მიმართულებებს.
ევროკომისარი წერს ტელესაკომუნიკაციო კომპანია „კავკასუს ონლაინსა“ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შორის არსებულ კონფლიქტზე, ზოგადად ბიზნესგარემოზე და საინვესტიციო კლიმატზე ქვეყანაში:
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირის წევრობაა, ქვეყანა ამ მიმართულებით სამოქმედო პრინციპრებს შორდება. საუბარია საქმიან გარემოზე, რომელიც უცხოელი ინვესტორებისთვის სულ უფრო არამეგობრული ხდება. სახელმწიფო მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ბაზრებში ისე ერევა, რომ კერძო აქტივები, რომლებსაც უცხოელი ინვესტორები ფლობენ, ხელშეუხებელი აღარაა.
ამის ნათელი მაგალითია „კავკასუს ონლაინის“ საქმე, რომელიც, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის“.
2019 წელს აზერბაიჯანულმა კომპანიამ ერთ-ერთი მსხვილი ქართული ინტერნეტ-პროვაიდერის Caucasus Online-ის წილი შეიძინა. ეს გარიგება გაცილებით დიდი ციფრული ინფრასტრუქტურული პროექტის ნაწილია, რომელიც ითვალისწინებს ევროპისა და აზიის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით დაკავშირებას, რაც 1,8 მილიარდი ადამიანისთვის ხარისხიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.
გარიგების დასრულების შემდეგ, საქართველომ ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა. ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ხელისუფლებამ „კანონში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ ცვლილებები დაჩქარებული წესით, პარლამენტში ღამით გამართულ სხდომებზე მიიღო.
ეს ცვლილებები საქართველოს კომუნიკაციების კომისიას კერძო ბიზნესში ჩარევის უპრეცედენტო უფლებებს ანიჭებს: ცვლლილებების საფუძველზეც კომისიას შეუძლია კერძო კომპანიას დაუნიშნოს სპეციალური მმართველი, რომელსაც აქტივების განკარგვა და პერსონალის საკუთარი შეხედულებისამებრ მართვა შეეძლება.
ეს ბოლო გადაწყვეტილება საგანგაშოდ მზარდი ტენდენციის კულმიმინაციაა, რასაც ევროკავშირმა ყურადღება უნდა მიაქციო“, - წერს ფრატინი.
„როგორც ყოფილ კომისარს მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებში, მიმაჩნია, რომ ბრუსელი არ უნდა უყურებდეს ამას რეაქციის გარეშე - წევრობის მაძიებელი ქვეყანა კანონის უზენაესობას უნდა უზრუნველყოფდეს.
სამართლიანობა ევროპული ღირებულებების ქვაკუთხედია და გავლენას ახდენს როგორც ქვეყნის სოციალურ მდგომარეობაზე, ასევე ბიზნეს გარემოზე და უცხოელ ინვესტორებს ეს უფლებები შეზღუდული არ უნდა ჰქონდეთ.
მთავრობის ასეთი ქმედება ქმნის სახელმწიფოს მიერ უმნიშვნელოვანესი დარგების მიტაცების ძალიან საშიშ პრეცედენტს. სიტყვის თავისუფლება და მედიის დამოუკიდებლობა თანამედროვე დემოკრატიის განვითარებისთვის არის უმნიშვნელოვანესი.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, რა გარანტიაა, რომ სახელმწიფო მოახლოებულ კენჭისყრამდე ინტერნეტ-პროვაიდერებისა და საკომუნიკაციო კომპანიების შევიწროვებას არ ეცდება? რას ნიშნავს დემოკრატიის უზრუნველყოფა, თუ კანონი და ბაზარი სახელმწიფომ დაიქვემდებარა?
პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით მსგავსი პოლიტიკის გააგრძელება იქნება თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე უარის თქმა, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის გახდება დამღუპველი. ეს უმძიმეს შედეგს მოუტანს როგორც ქვეყანას, ასევე რეგიონს და იქნება უარი ევროკავშირის იმ ღირებულებებზე, რისკენ სწრაფვასაც საქართველო წლებია ადასტურებს.
უკვე დროა ევროკავშირმა მსგავს ქმედებებზე ყურადღება გაამახვილოს. დროა კანდიდატებს და მეზობელ ქვეყნებს შეახსენონ ვალდებულებები და ზოგ შემთხვევებში მოუწოდონ, გადახედონ პრიორიტეტებს... ესეც ერთგვარი დიპლომატიაა“.
შეგახსენებთ, რომ NEQSOL-სა და სახელმწიფოს შორის დავა ამ დრომდე გრძელდება, კომპანია საკუთარი უფლებების დასაცავად საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვას არ გამორიცხავს. „კავკასუს ონლაინი“ აპირებს საკანონმდებლო ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს.