როგორ აისახება რუსეთში მიღებული ახალი კანონი ქართული ღვინის ექსპორტზე - ღვინის ეროვნული სააგენტოს განმარტება

საქართველოდან ექსპორტირებული ალკოჰოლური სასმელების 90%-ს ისედაც მითითებული აქვს წარმოშობის ადგილი და ყურძნის მოსავლის თარიღი - აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში რუსეთში ამოქმედებული ახალი კანონის კომენტირებისას. საქმე ეხება „რუსეთის ფედერაციაში მევენახეობისა და მეღვინეობის შესახებ“ მიღებულ კანონს, რომლის მიხედვით საჭიროა ეტიკეტზე მითითებული იყოს წარმოშობის ადგილი და ყურძნის მოსავლის თარიღი. ახალი წესები ეხება კონიაკს, შამპანურის ზოგიერთ ტიპსა და სუფრის ღვინოს, რომელშიც სხვადასხვა რეგიონის ღვინის მასალებია შერეული.

როგორც RBC წერს, აღნიშნული პირობის შესასრულებად ყველა მწარმოებელი მზად არ არის.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რამდენად მზად არიან ქართველი მწარმოებლები რუსეთის მიერ მიღებული კანონის შესასრულებლად. ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ექსპორტირებული სასმელის 90%-ს ისედაც მითითებული აქვს წარმოშობის ადგილი და ყურძნის მოსავლის თარიღი.

„საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქტს ისედაც ჰქონდა მითითებული თარიღი და ადგილმდებარეობა. საუბარია 90%-ზე, დარჩენილი 10%-დან, ვინც გადაწყვეტს, რომ რუსეთში შესვლა უნდა, ისიც მიუთითებს. ეს არ წარმოადგენს სირთულეს, შესაბამისად, რუსეთის მიერ მიღებული კანონი ჩვენზე არანაირად არ აისახება. ზოგადად, პროდუქტის ექსპორტისას, ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა ქვეყნის კანონს, ამიტომ, გართულებებს ამ მიმართულებით არ ველოდებით“,- აცხადებენ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

ცნობისათვის, რუსეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი მთავარი გასაღების ბაზარია. 2020 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან რუსეთში გავიდა 62,562 მლნ დოლარის ღირებულების ყურძნის ნატურალური ღვინო, რაც მთლიანი ექსპორტის 58,3%-ს შეადგენს. წელს ქვეყნიდან ექსპორტირებული იქნა 107,301 მლნ დოლარის ღვინო.

ნინი ქეთელაური