8-დღიანი კარანტინის შემდეგ, მოქალაქეებს 12 დღის თავზე კიდევ ერთი „პისიარ“ ტესტის გაკეთების ვალდებულება ექნებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში შემოსვლის პირობებში, საკარანტინო მოთხოვნა 14 დღის ნაცვლად 8 დღე იქნება.

გახარიას თქმით, მე-9 დღეს „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის მოსვლის შემთხვევაში მოქალაქეები საკარანტინო სივრცეს დატოვებენ, თუმცა 12 დღის თავზე კიდევ ერთი „პისიარ“ ტესტის გაკეთების ვალდებულება ექნებათ.

„საკარანტინო სივრცეები ჩვენთან ფუნქციონირებდა პირველი 14 დღის განმავლობაში. ქვეყანაში შემოსვლის პირობებში საკარანტინო მოთხოვნა 14 დღის ნაცვლად იქნება 8 დღე. ვამცირებთ იმისთვის, რომ დამატებითი დისკომფორტი შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს და მათ შორის სტუმრებსაც. საკარანტინო დრო იქნება 8 დღე, ამ 8 დღის შემდეგ იქნება „პისიარ“ ტესტი და მე-9 დღეს „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, საკარანტინო სივრცეებს დატოვებენ და ექნებათ კიდევ ერთი ვალდებულება, 12 დღის თავზე კიდევ ერთი „პისიარ“ ტესტის გაკეთების. ამით ჩვენ ვამცირებთ საკარანტინო დღეების რაოდენობას და უფრო მეტ თავისუფლებას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, რაც შეიძლება სწრაფად და ჯანმრთელად დაუბრუნდნენ ოჯახებს“, - განაცხადა გახარიამ.