ბექა ფერაძის განცხადებით, დახურულ სივრცეში სოციალური ღონისძიებების მონიტორინგის მექანიზმი გამკაცრდება

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, დახურულ და ღია სივრცეში სოციალური ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით ობიექტების მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება და პროცესში შრომის ინსპექციასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროც ჩაერთვება.

მისივე თქმით, დახურულ სივრცეში სოციალური ღონისძიებებისთვის 10 - კაციანი შეზღუდვა ძალაში რჩება და შესაბამისი რეკომენდაციების დარღვევა შესაბამისი სანქციების გამოყენებას გამოიწვევს.

„სოციალური ღონისძიებები დახურულ სივრცეში, როგორებიცაა ქელეხი, ქორწილი, იუბილე და სხვა, როგორც იცით შეზღუდულია. მონიტორინგის მექანიზმი გამკაცრდება, რაც იმას გულისხმობს, რომ შრომის ინსპექციასთან ერთად პროცესში აქტიურად ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროც. შევამოწმებთ თითოეულ ობიექტს. მექანიზმი შემდეგნაირად იმუშავებს, თუ მივიღებთ ინფორმაციას, რომ ესა თუ ის დაწესებულება გეგმავს სოციალურ ღონისძიებას, მოხდება გაფრთხილება და მაინც განხორციელდების შემთხვევაში, შესაბამისი სანქცირების მექანიზმის გამოყენება იურიდიული პირისთვის 10 000 ლარის, ხოლო ფიზიკური პირისთვის 2 000 ლარის ოდენობით, დარღვევის განმეორებით ჩადენა კი სისხლისსამართლებრივ დევნას გამოიწვევს. გეგმური ზედამხედველობა ძალიან აქტიური იქნება, ყოველდღიურ რეჟიმში ყველა მსგავს დაწესებულებას შევამოწმებთ, ამასთან, პრევენციულად მოვახდენთ მათ ინფორმირებას“,-განაცხადა ბექა ფერაძემ.