ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დახურულ სივრცეებში ღონისძიებების მონიტორინგს შრომის ინსპექცია შსს-სთან ერთად განახორციელებს და სანქციები „გაცილებით მკაცრი იქნება“

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, დახურულ სივრცეებში სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების ჩატარების მონიტორინგს შრომითი ინსპექციის სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად განახორციელებს და საჯარიმო სანქციები „გაცილებით უფრო მკაცრი იქნება“.

„შეზღუდვები არის კვლავ იგივე, რაც იყო დღემდე. იკრძალება 200 კაცამდე თავშეყრა.

ამისათვის ჩვენ ვართ შემზადებულები. მანამდე ვიღებდით შეტყობინებას და ამ შეტყობინებაზე ვრეაგირებდით, როგორც სიტყვიერი გაფრთხილებით, ასევე ჯარიმებით, მაგრამ დღესდღეობით შრომითი ინსპექციის სამსახური შინაგან სამინისტროსთან ერთად განახორციელებს უფრო დეტალურ მოკვლევას და შესაბამისად, საჯარიმო სანქციებიც იქნება გაცილებით უფრო მკაცრი,“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე განმარტა, თუ რატომ გახდა შესაძლებელი საკარანტინო პერიოდის 14 დღიდან 12 დღემდე შემცირება.

„რამდენიმე კვირის წინ ჩვენ არ გვქონდა საკმარისი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ კარანტინის ვადის შეზღუდვა არ გამოიწვევდა ინფექციის გავრცელებას. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს კვლევები როგორც ევროპის ქვეყნებიდან, ასევე საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინფექციის გამოვლენა შესაძლებელია მერვე დღეს, მაგრამ უფრო მეტი სიზუსტისთვის გვესაჭიროება ასევე მე-12 დღეს ჩატარებული ტესტირებაც,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.