"ღმერთმა ქნას ბევრი ქორწილი იყოს და ბევრი ბავშვი დაიბადოს, მაგრამ პანდემიის პერიოდში თავი შევიკავოთ დიდი თავყრილობებისგან"

ღმერთმა ქნას, ბევრი ქორწილი იყოს ქვეყანაში და ბევრი ბავშვი დაიბადოს, მაგრამ ამ პანდემიის პერიოდში შევიკავოთ თავი დიდი თავყრილობებისგან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, ქორწილების აღნიშვნა უნდა ხდებოდეს, მაგრამ საჭიროა დიდი მასშტაბებისგან თავის შეკავება, რადგან ეს დიდი რისკის შემცველია.

„დიდი შეკრებები აჭარაში პრობლემატურია. ჩვენ ახლა, ამ 3 დღის განმავლობაში, გურიაში - ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში 6 შემთხვევა გვაქვს. 6-ვე შემთხვევა ბათუმში დიდ ქორწილთან არის დაკავშირებული. ღმერთმა ქნას, ბევრი ქორწილი იყოს ქვეყანაში და ბევრი ბავშვი დაიბადოს, მაგრამ ამ პანდემიის პერიოდში შევიკავოთ თავი დიდი თავყრილობებისგან. რა თქმა უნდა, ქორწილის შესაბამისი აღნიშვნა უნდა იყოს, მაგრამ არ შეიძლება 300 და 400 კაციანი იყოს, რომელიც ძალიან მომატებული რისკია“, - განაცხადა გამყრელიძემ.