„შეიცვლება პროდუქტები და ზუსტად იგივე პირობებით, თუმცა სხვა სახით იქნება მიწოდებული. უბრალოდ, ეს აღარ იქნება საბავშო ანაბარი“,-ამის შესახებ ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. აღნიშნულით ის, ბავშვთა უფლებების სამოქალაქო კოდექსში შესულ ცვლილებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვანის კუთვნილი უძრავ/მოძრავი ქონების განკარგვა მშობელს/და მეურვეს მხოლოდ სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში შეეძლება.
როგორც ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, მიღებული კანონი გამოიწვევს არსებული ფორმატის დეპოზიტის ტრანსფორმაციას და ახალი პროდუქტების შეთავაზებას მომხმარებლებისთვის. კერძოდ, ეს შესაძლოა, იყოს პირობითად, მშობლის ანაბარი, ან რაიმე სხვა პროდუქტი.
„უკანასკნელ პერიოდში იყო მიღებული არასრულწლოვანის უფლებების დაცვის კოდექსი, პარალელურად სასამართლო გადაწვეტილებები ადგენდნენ პრაქტიკას, რომელიც უზრუნველყოფდა არასრულწლოვანის ქონების დაცვას. აღნიშნული კანონის მიღებამდეც კი, სასამართლო პრაქტიკა ჩამოყალიბდა უძრავ ქონებასთან მიმართებით, როდესაც უძრავი ქონების დაგირავება მეურვის ან მშობლის მიერ პრაქტიკულად შეიზღუდა და ჩაიდო გარკვეული პროცედურები, მიუხედავდ იმისა, ეს კანონი იქნებოდა მიღებული თუ არა.
უბრალოდ, აღნიშული გადაწყვეტილება, რომელიც უზენაესამდე იყო მისული, უკვე განსაზღვრავდა, რომ უძრავ ქონებაზე ასეთი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული სასამართლოზე და აქედან გამომდინარე, ყველა კომერციულმა ბანკმა არასწრულწლოვნის უძრავი ქონების დაგირავების პროცედურა შეცვალა. ჩვენ რეალურად ველოდებოდით, რომ სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა მათ შორის ანაბართან მიმართებით და იმ პრაქტიკას ავსახავდით ჩვენ რეალობაში. როდესაც აღნიშული კანონი მიიღეს, განმარტებული იყო, რომ ეს ყველა სხვა ქონებას შეეხებოდა, როგორც უძრავს, ისე მოძრავ ქონებას. რეალობაში, ეს ნიშნავს იმას, რომ თუნდაც მოსამართლისთვის ეს შეიძლება იყოს ერთგვარი წესი, ყველა სხვა ქონებასთან დაკავშირებით, რომელსაც განავრცობს.
რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს, იმ ფორმატის დეპოზიტის ტრანსფორმაციას და ახალი პროდუქტების შეთავაზებას მომხმარებლებისთვის, რაც იყო საბავშვო ანაბარი (ეს გულისხმობდა მშობლის მიერ ანაბრის გახსნას და მორღვევას) პირობითად ვამბობ, ეს იქნება არა ბავშვის, არამედ მშობლის ანაბარი ან რაიმე სხვა.
შეიცვლება პროდუქტები და ზუსტად იგივე პირობებით, თუმცა სხვა სახით იქნება მიწოდებული. უბრალოდ, ეს აღარ იქნება საბავშო ანაბარი. აბსოლუტურად არ ვთვლი, რომ აღნიშულმა შესაძლოა, რაიმე ტრანფორმაცია გამოიწვიოს ზოგადად სადეპოზიტო პოლიტიკაში“,- განაცხადა ალექსანდრე ძლენაძემ.