აგვისტოში მკვეთრად გაიზარდა დაინტერესება პოტენციური ინვესტორების მხრიდან, ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მიმართ, - ამის შესახებ ჰუალინგის თიზ-ის ბიზნეს ანალიზისა და ბიზნესის განვითარების უფროსმა აღმასრულებელმა, ვახტანგ ჩქარეულმა განაცხადა.
მისი განცხადებით, მხოლოდ აგვისტოში, ჰუალინგის თიზ-ში მიმართვიანობა თითქმის 4-ჯერაა გაზრდილი წინა 7 თვის აგრეგირებულ მაჩვენებელთან შედარებით.
„2020 წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, აგვისტოს თვეში მკვეთრად გაიზარდა დაინტერესება პოტენციური ინვესტორების მხრიდან, ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მიმართ. ცხადია, ჩვენთვის, მეტად მნიშვნელოვანია ამ ვითარებაში სწორი ანალიზის გაკეთება, რათა გეგმაზომიერად განვავითაროთ შემდგომი პერიოდის სტრატეგია. აღნიშნულ ზრდას რამდენიმე ფუნდამენტური მიზეზი აქვს, პირველი, ეს არის პანდემიით გამოწვეული ცვლილებები ე.წ. მსოფლიო მიწოდების ჯაჭვში, სადაც გლობალური „ლოქდაუნის“ დროს, საქართველო ამოტივტივდა, როგორც ოპტიმიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო ალტერნატივა, იაფი მუშახელით, სტრატეგიული ლოკაციით, გამართული ინფრასტრუქტურითა და ბიუროკრატიის დაბალი დონით. მეორეს მხრივ, შეინიშნება ეკონომიკის შედარებით გაჯანსაღების ტენდენცია და COVID-თავისუფალი ქვეყნის სტატუსი, რაც მეტად დამაიმედებელი სიგნალია ინვესტორებისთვის.
ამას ემატება ჩვენი მხრიდან მიზანმიმართული კამპანია, რომელიც ყველა დაინტერესებულ მხარეს უპრეცენდენტო შეღავათებით სთავაზობს თიზ-ის ხელთ არსებულ ინფრასტრუქტურას, როგორც სამრეწველო, ასევე სასაწყობე დანიშნულების შენობებს გამართული საკომუნიკაციო სისტემით. ხარჯ-დამზოგველი ალტერნატივის გაჩენა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, ბიზნესის კეთების სხვადასხვა ეტაპზე, ერთი-ორად მნიშვნელოვანია SME სეგმენტისა და სტარტაპებისთვის”,-განაცხადა ვახტანგ ჩქარეულმა.
აღნიშნულ ინფორმაციას ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პრესსამსახური ავრცელებს.