12 ივნისიდან 31 აგვისტოს პერიოდში, პირბადის ტარების წესის დარღვევის 9884 შემთხვევა დაფიქსირდა. საჯარო ინფორმაცია ამის შესახებ „ინტერპრესნიუსმა" შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.
შსს-ს ინფორმაციით, ამ პერიოდში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 5107 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დაჯარიმდა.
ამავე ინფორმაციის თანახმად, სიტყვიერი შენიშვნა/გაფრთხილება 4776- მა ფიზიკურმა პირმა მიიღო.
შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სტატისტიკა წინასწარ მონაცემებს წარმოადგენს.
როგორც შსს-ში განმარტავენ, ამჟამად მიმდინარეობს სამინისტროს საინფორმაციო- ანალიტიკური დეპარტამენტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ბაზის სტრუქტურული რევიზირებისა და არქიტექტურული განახლება-რეორგანიზაციის პროცესები, რომლის საბოლოო დასრულებამდე, ზღვრული საშუალო სტატისტიკური ცდომილების ფარგლებში არსებობს მონაცემთა შემდგომი ცვლილების გარკვეული ალბათობა.
შეგახსენებთ, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა ფიზიკური პირის 20 ლარით, ხოლო დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება ამ სივრცის მფლობელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის 500 ლარით დაჯარიმებას იწვევს. ამასთან, პირბადის ტარება სავალდებულო გახდა საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ტაქსით მგზავრობის დროსაც. ამ წესის დამრღვევი პირი, იქნება ეს მგზავრი თუ მძღოლი, 20 ლარით ჯარიმდება. შესაბამისი ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაამტკიცა და ის 12 ივნისიდან მოქმედებს.