პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მე-2 კვარტალში გაიზარდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის მე-2 კვარტალში 237.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მე-2 კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 0.5 პროცენტით მეტია.

2020 წლის მე-2 კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 24.8 პროცენტით, მეორე ადგილზე ნიდერლანდი - 22.4 პროცენტით, ხოლო მესამეზე თურქეთი - 13.3 პროცენტით.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2020 წლის მე-2 კვარტალში 57 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 78.1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32.9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 29.6 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - მშენებლობის სექტორია 27.7 მლნ აშშ დოლარით.

თაია არდოტელი