საქართველოში მზესუმზირის ზეთი შესაძლოა, გაძვირდეს

საქართველოში იმპორტირებული მზესუმზირის ზეთი შესაძლოა, გაძვირდეს. ამის მიზეზი მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში ნედლეულის დაბალი მოსავალია, რის გამოც რუსეთში ფასების მინიმიმ 20%-მდე ზრდას უკვე პროგნოზირებენ. რუსული მედიის ინფორმაციით, მშრალი გაზაფხულისა და ზაფხულის გამო, მოსავლიანობა დაეცა - ფერმერებმა 20-25% -ით ნაკლები მზესუმზირის მოსავალი მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს რუსეთმა ექსპორტზე გაიტანა მზესუმზირის ზეთის რეკორდული მოცულობა - 3,1 მილიონი ტონა 2,2 მილიარდ დოლარად. 2020 წლის იანვარ-ივლისში დამზადდა 3,6 მლნ ტონა მზესუმზირის ზეთი, აქედან ექსპორტირებულია უკვე 2,3 მლნ ტონა (+ 35,3% გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით).

მზესუმზირის ზეთის მთავარი იმპორტიორიც საქართველოში რუსეთია. იანვარ-ივლისში ქვეყანაში შემოვიდა 21,294 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია, ჯამში 24 747 ტონა. იმპორტირებული მზესუმზირის ზეთის 86% რუსეთზე მოდის, წელს 7 თვეში მეზობელ ქვეყანაში 18,921 მლნ დოლარის ღირებულების, 22 310 ტონა მზესუმზირის ზეთი ვიყიდეთ. რაც შეეხება 2019 წელს, შარშან საქართველოში 38,478 მლნ დოლარის ღირებულების 44 884 ტონა მზესუმზირის ზეთის იმპორტი განხორციელდა, სადაც 88,4% რუსეთის წილი იყო. 2019 წელს რუსეთიდან საქართველოში 34,026 მლნ დოლარის ღირებულების 40 257 ტონა ზეთი შემოვიდა.

იმის გამო, რომ მთავარი იმპორტიორი რუსეთია, გამორიცხული არ არის, რომ საქართველოში მწარმოებელი ქვეყნის ანალოგიურად მზესუმზირის ზეთი გაძვირდეს. რასაც თავის მხრის, ლარის გაუფასურებაც შეუწყობს ხელს.