თბილისის ორ ქუჩაზე, საცხოვრებელ თუ საჯარო დაწესებულებაში ხმაურზე შესაძლოა მიდგომები გამკაცრდეს. ამასთან დაკავშირებით, პარლამენტში რამდენიმე მოქალაქის მიერ წარდგენილ ინიციატივაზე წამყვანმა კომიტეტმა დადებითი დასკვნა გასცა.
კერძოდ, საუბარია, ლეო ქიაჩელისა და გიორგი ახვლედიანის ქუჩებზე მცხოვრებთა (ლია კიკნაძე, მარი მიქიაშვილი, რუსუდან ლებანიძე და სხვები) წინადადებაზე, რომლის თანახმადაც, მოთხოვნილია, რომ დღის ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების შემთხვევაში იურიდიული პირის სამჯერ დაჯარიმების შემდეგ მისთვის ჯარიმა გაიზარდოს 1 000-დან 3 000 ლარამდე, ხოლო მომდევნო სამჯერ დაჯარიმების შემდეგ − 5 000 ლარამდე; ამასთან, 5000 ლარით დაჯარიმდეს გამქირავებელიც.
აღნიშნულ საკითხზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იმსჯელა და მიიჩნია, რომ ის კომპლექსურ შესწავლასა და გადაწყვეტას საჭიროებს. შედეგად, ამ საკითხის გადასაწყვეტად შეიძლება საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულისგან განსხვავებული მექანიზმიც შემუშავდეს და დამატებით სხვა საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს. შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადებაში წარმოდგენილი პრინციპის მისაღებად ცნობა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია. კომიტეტმა წარმოდგენილი ინიციატივა განხილვის შედეგად მიღებულად ცნო.