6 ქალაქს 175 ავტობუსი ეტაპობრივად გადაეცემა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, 6 ქალაქისთვის 175 ერთეული ავტობუსი შეისყიდა. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან იუწყებიან.

მათივე ცნობით, აღნიშნული პროგრამის გასაცნობად მუნიციპალური განვითარების ფონდმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც განიხილეს პროგრამის დეტალები, ავტობუსების ჩამოტანის ეტაპები და ვადები.

„გარდა ავტობუსების შესყიდვისა, პროგრამა ითვალისწინებს ქალაქების ახალი სამარშრუტო გეგმისა და სატარიფო სისტემის შედგენას. პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია ავტობუსების მძღოლების გადამზადებაც.

ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამა ითვალისწინებს ქუთაისის, გორის, თელავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ფოთისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსების შესყიდვას. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და პროგრამის ჯამური ღირებულება 19 მილიონი ევროა.

ავტობუსები მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ეტაპობრივად გორს - 30, ზუგდიდს - 25, რუსთავს - 40, ქუთაისს - 60, ხოლო თელავსა და ფოთს 10-10 გადაეცემა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.