ერდოღანი -  შავ ზღვაში აღმოჩენილ საბადოებში უპრეცედენტოდ მაღალი ხარისხის ბუნებრივი აირია

თურქეთის მიერ შავ ზღვაში ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი ბუნებრივი აირის საბადო „საკარია“ მოცულობის მიხედვით მეორე ყველაზე მსხვილი ბუნებრივი აირის საბადოა მსოფლიოში, რომელიც 2020 წელს აღმოაჩნეს. აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

„გაზის საბადო „საკარია“, რესურსების მოცულობით მეორე ყველაზე მსხვილი საბადოა მთელს მსოფლიოში, რომელიც 2020 წელს აღმოაჩინეს. მისი მოცულობა 1,9 მილიარდი ბარელი ნავთობის ექვივალენტია. ის ასევე გამოირჩევა ბუნებრივი აირის ძალიან მაღალი ხარისხით“, -აცხადებს ერდოღანი, რომელსაც ციტირებს გაზეთი Sabah.

შეგახსენებთ, 21 აგვისტოს რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის მსხვილი მარაგები აღმოაჩინა. 2023 წლისთვის ქვეყანა გეგმავს მის მიწოდებას შიდა ბაზარზე. ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, ამ საბადოს მარაგები 320 მლრდ კუბური მეტრია და ქვეყანა ძალიან მალე გადაწყვეტს მათი მოპოვების ტექნიკურ დეტალებს. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ფატიჰ დომნეზის განცხადებით კი, შავ ზღვაში აღმოჩენილი საბადოს მარაგი შეფასებულია 65 მილიარდ დოლარად.

კოკა კვირკველია