საპენსიო სააგენტო - საპენსიო აქტივების სარგებელი 2.3-ჯერ აღემატება წლიურ ინფლაციას

8 სექტემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით 447-მა ადამიანმა ისარგებლა. როგორც საპენსიო სააგენტოდან იუწყებიან, დაგროვებითი პენსიით, საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით 211 მონაწილემ, საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის გამო ერთმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტატუსის საფუძვლით 186-მა, ხოლო მემკვიდრეობის უფლების საფუძვლით 49 პირმა ისარგებლა.

მათივე ცნობით, საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და თვის მანძილზე საშუალოდ 9000-ზე მეტია. საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 79.5 მილიონ ლარამდე სარგებელი.

„საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 11.1%-ში, რაც 2.3-ჯერ აღემატება ქვეყანაში მიმდინარე წლიური ინფლაციის მაჩვენებელს (აგვისტოს მდგომარეობით 4.8%), ხოლო 1.3-ჯერ აღემატება ლარის შემოსავლიანობის მაჩვენებელს", - აცხადებს საინვესტიციო სამსახურის უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე.