ცვლილება ღია რესტორნებისთვის - მაგიდასთან დასაშვებ პირთა ლიმიტი გაიზარდა

ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის განახლებული რეკომენდაციები დაამტკიცა.

კერძოდ, ცვლილება ღია ტიპის რესტორნებს შეეხება, როგორც დამტკიცებულ რეკომენდაციებშია აღნიშნული, თუ ღია სივრცის (ტერასა/ვერანდა/ღია რესტორანი) მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 ადამიანის განთასება იყო შესაძლებელი, ახლა ეს რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. დამატებით, გამონაკლისის სახით შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება.

რაც შეეხება ღია რესტორნებისთვის ახლად დამტკიცებულ სხვა რეკომენდაციებს, ასე გამოიყურება:

  • მომხმარებელთა მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა; სკამების საზურგეებს შორის - მანძილი არანაკლებ 1მეტრისა;
  • იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი;
  • გამასპინძლებისას გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი;
  • სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით;
  • უზრუნველყავით შენობების გარეთ მაგიდებსა და საფეხმავლო სივრცეს შორის უსაფრთხო დისტანციის დაცვა.
თაია არდოტელი