მეორე კვარტლის ინვესტიციები მშპ-ს, დაახლოებით, 6%-ია, რაც მაღალი მაჩვენებელია და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტენდენციის შენარჩუნება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეორე კვარტლის მაჩვენებლების შეფასებისას.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად პანდემიური მდგომარეობისა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა, რაც ნათლად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ინვესტორების მხრიდან საქართველოს ეკონომიკას აქვს ნდობა.
„ძალიან იმედის მომცემია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები. ეს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ინვესტორების მხრიდან საქართველოს ეკონომიკას აქვს ნდობა. ყველა ის რეფორმა, ღონისძიება, რომელიც COVID-19-ის პერიოდში მთავრობამ გაატარა, ბევრმა საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ დადებითად შეაფასა. ასევე, დადებითად შეფასდა ქვეყნის მაკროეკონომიკური მმართველობის სტანდარტები. ბუნებრივია, ეს უნდა აისახოს ახალ ინვესტიციებში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. ჩვენ, გასულ წელსაც არ გვქონია დაბალი მაჩვენებელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით. გასულ წელს, ამ მონაცემმა მშპ-ს, დაახლოებით, 7% შეადგინა, რაც მაღალი მაჩვენებელია საერთაშორისო მასშტაბით. მნიშვნელოვანია, ჩვენ შევინარჩუნოთ ის დადებითი ტენდენცია, რაც დაფიქსირდა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.