სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ბენეფიციარის მიერ ნაწილობრივ საქართველოში შექმნილი ფილმი ერთ-ერთი ყველაზე ტრენდულია Netflix-ზე, აზიის რეგიონში, - ამის შესახებ ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.
კინოზე „GUNJAN SAXENA: The Kargil Girl“ იმუშავა ქართულმა კომპანიამ „Betterfly Films“ და ბოლივუდის ერთ-ერთმა წამყვანმა კინო-მწარმოებელმა “Dharma Productions”. ამ პროცესში, ინდოელ და ქართველ პროფესიონალებთან ერთად, ბრიტანელი, იტალიელი და უკრაინელი სპეციალისტებიც ჩართულები იყვნენ.
საჰაერო გადაღებაში კი მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა, რომლებსაც ისეთი წარმატებული ფილმების შექმნაში აქვთ მონაწილეობა მიღებული, როგორებიცაა “ჯეიმს ბონდი”, “შეუსრულებელი მისია”, “ჰარი პოტერი”, და “ვარსკვლავური ომები”.
პროექტის ჯამური ინვესტიცია 3,5 მლნ ლარს შეადგენს. ფილმის გადაღებაზე საქართველოს 90-მა მოქალაქემ იმუშავა ტექნიკურ შემოქმედებით გუნდში, ხოლო 250 ადამიანი მასიურ სცენებში დასაქმდა.
ფინანსური მხარდაჭერასთან ერთად, „აწარმოე საქართველოში“ მუდმივად ჩართული იყო მოლაპარაკებების წარმოებაში საჯარო უწყებებთან, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პროექტის წარმატებით განხორციელებაში.
“საერთაშორისო ფილმის ინდუსტრიასთან თანამშრომლობა, ქვეყნისთვის უდაოდ წარმატების მომტანია, როგორც კრეატიული ეკონომიკის განვითარების, ისე ტურიზმის ხელშეწყობის კუთხით. ასეთ პროექტებზე მუშაობის შედეგად, საქართველოში გროვდება ცოდნა და გამოცდილება, რაც ქვეყანას კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს ხდის“, აცხადებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, მიხეილ ხიდურელი.
"მსგავსი მასშტაბური პროექტის განხორციელება ნდობის გარეშე შეუძლებელია. საერთაშორისო მაღალი კონკურენციის ფონზე, ამ ნდობის მოპოვებაში, კინო ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებს ძალიან გვიადვილებს კინოს მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების არსებობა, როგორიცაა "გადაიღე საქართველოში," ამბობს კომპანიის “Betterfly Films” აღმასრულებელი პროდიუსერი, ნათია ნიკოლეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში“ 2016 წლიდან ახორციელებს პროგრამას „გადაიღე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ტერიტორიაზე სცენების გადაღება უკვე განახორციელა არაერთმა კომპანიამ ევროპიდან, აზიიდან და ამერიკიდან.
პროგრამის ფარგლებში სულ გაფორმებულია ხელშეკრულება 30 პროექტის განხორციელების თაობაზე, საიდანაც 22 პროექტი დასრულებულია. მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მოცულობა შეადგენს 94 მლნ ლარზე მეტს. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების საშუალებით შეიქმნება 15,795 დროებითი სამუშაო ადგილი.