„ქვეყნის ეკონომიკის შემცირების პირობებში, საპროცენტო განაკვეთების კლებას არ უნდა ველოდოთ“

„ქვეყნის ეკონომიკის შემცირების პირობებში, საპროცენტო განაკვეთების კლებას არ უნდა ველოდოთ“, - ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელმა გიორგი კეპულაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

აღნიშულით ის პოლიტიკური პარტიების ლიდერების წინასაარჩევნო დაპირებებს გამოეხმაურა, რომელთა ნაწილი აცხადებს, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთი განახევრდება.

როგორც გიორგი კეპულაძემ აღნიშნა, თუ ქვეყნის ეკონომიკა არ გაძლიერდა, საპროცენტო განაკვეთების შემცირება წარმოუდგენელია. ამასთან, ეს მხოლოდ ეროვნული ბანკის უფლებაა, რომელშიც პოლიტიკური ძალა ვერ ჩაერევა. შესაბამისად, „საზოგადოება და ბანკების“ ხელძღვანელი პარტიების ლიდერების დაპირებას, ამომრჩევლის მოტყუებას უწოდებს.

„წინასაარჩევნოდ ყველა დაპირება არის პოპულიზმის ნაწილი და განსაკუთრებით პოპულისტურები არიან პოლიტიკოსები მაშინ, როდესაც საქმე ეხება ეკონომიკას. როდესაც ვამბობთ, რომ ეკონომიკური კრიზისია ქვეყანში და დაახლოებით, 5-6%-იან ვარდნას ველოდებით, როდესაც ბანკებმა პირველ კვარტალში თითქმის, 500 მლნ იზარალეს, ამ ფონზე იმაზე საუბარი, რომ საპროცენტო განაკვეთები განახევრდება, თუ არჩევნებში რომელიმე კონკრეტული პარტია გაიმარჯვებს, ეს არის წმინდა წყლის პოპულიზმი და ტყუილი. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხდება, ძალიან გამიხარდებოდა ეს ასე რომ იყოს, მაგრამ მე ვერ მომატყუებენ, ვიცი, რომ ვერ გაანახევრებენ, მაგრამ ისინი ცდილობენ მოატყუონ ამომრჩეველი.

რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც არის დამოუკიდებელი და არცერთ პარტიას არ აქვს უფლება ჩაერიოს მის საქმიანობაში. პოლიტიკოსები როგორ პირდებიან რეფინანსირების განაკვეთს შემცირებას, ეს კიდევ ცალკე თემაა. რეფინანსირების განაკევეთი შემცირდება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება, წინ წავა და არ იქნება მაღალი ინფლაცია, ისეთი, როგორიც ახლა გვაქვს (დაახლოებით, საშულოდ, 4,5 – 5%-იანი). ამ პირობებში, რეფინანსირების განაკვეთს მკვეთრი შემცირება გამოიწვევს, ინფლაციური მოლოდინების ზრდას. ამიტომ, როდესაც საუბრობენ, რომ საპროცენტო განაკვეთს შევამცირებ, სამწუხაროდ ამის ბერკეტი ეკონომიკაში არ არსებობს. საქართველოს ეკონომიკა არ გვაძლევს საშულებას, რომ საბანკო საპროცენტო განაკვეთები იყოს უფრო დაბალი. მე ეს ძალიან მინდა, მაგრამ ვერ მოხდება თუ ქვეყნის ეკონომიკა არ განვითარდება.

საბანკო სექტორში ვერ დაიკლებს პროცენტი, თუ ქვეყნის ეკონომიკა უფრო სწრაფად არ გაიზრდება. შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის შემცირების პირობებში, საპროცენტო განაკვეთების კლებას სამწუხაროდ, არ უნდა ველოდოთ. იმიტომ, რომ წარმოუდგენელია, დიდი ბანკები გაძლიერდენენ ისე, თუ ქვეყანა არ გაძლიერდება. წარმოუდგენელია, ბანკირებმა უფრო მეტი ფული იშოვონ, თუ ხალხს მეტი ფული არ ექნება. ძალიან მარტივია.

ამიტომ, ამ პირობებში, როდესაც ქვეყანის ეკონომიკის წინსვლა ფერხდება, ყველა ის წინასაარჩევნო დაპირება, რომ აი, ნოემბერში მოვალ და გავანახევრებ განაკვეთებს, ეს არის ტყუილი და თვალებში ნაცრის შეყრა. სამწუხაროდ, საპროცენტო განაკვეთების ამ გზით შემცირება არ გამოვა და ნუ დაუჯერებთ ნურავის“,-განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

ნინი ქეთელაური