შრომის ინსპექციამ სასწავლო წლის დაწყებამდე 2800-მდე როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლის კვების ობიექტები (ბუფეტები) უნდა შეამოწმოს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განუცხადა, ამ დროის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, შრომის ინსპექციამ, მომართვის საფუძველზე უკვე შეამოწმა ბუფეტების ნაწილი. მათ მიერ შემოწმებული ბუფეტებიდან, 350-მდე სკოლის კვების ობიექტს ფუნქციონირების ნებართვა მიეცა. შემოწმებულ 30-მდე ბუფეტს კი დარღვევების გამოსწორება და შემდეგ განმეორებით შემოწმება დასჭირდება.
ბექა ფერაძის თქმით, ისინი სკოლის ბუფეტების შემოწმებისას იმ პროტოკოლით ხელმძღვანელობენ, რომელიც საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვისაა დაწესებული.
მისივე თქმით, ბუფეტების შემოწმებაში შრომის ინსპექციასთან ერთად სურსათის ეროვნული სააგენტოცაა ჩართული. რეგიონებში კი მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები, შემოსავლების სამსახური და სოციალური მომსახურების სააგენტო.
„სკოლის ბუფეტების სამზარეულო უნდა იცავდეს სპეციალური წესებს, მაგიდაზე 6 ადამიანის დაჯდომაა ნებადართული, აუცილებელია მაგიდების ხშირი დეზიფექცია, არ შეიძლება გადასაფარებლები, ის უნდა იყოს ან ერთჯერადი ან საერთოდ არ უნდა გამოიყენებოდეს. აუცილებელია შესაბამისი დისტანცია. სამზარეულოს მიმართაც დადგენილია პროტოკოლი, რა ტემპერატურაზე უნდა ირეცხებოდეს ჭურჭელი და ა.შ“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.