ბათუმში, ხოფას ბაზრობის ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება და ბაზრობა გაიხსნება

ბათუმში, ხოფას ბაზრობის ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ბაზრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, სადეზინფექციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბაზრობა რამდენიმე საათში მუშაობას განაახლებს.

როგორც ცნობილია, ხოფას ბაზრობაზე კორონავირუსის 7 შემთხვევა გამოვლინდა.

„60-მდე ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება და შვიდს დაუდასტურდა ვირუსი. ბაზრობის გახსნას ვაპირებთ. ახლა მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები. სავარაუდოდ ორი საათი დაგვჭირდება ამ პროცედურის დასასრულებლად და ორი საათის შემდეგ გაიხსნება ბაზრობა. ყველა მოიჯარეს, ვინც შევა ტერიტორიაზე, ჩაუტარდება თერმოსკრინინგი. პირბადის გარეშე ვერავინ შევა ტერიტორიაზე.

ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, რურუას ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრთან ახლოს, დღეს კარავი დაიდგა, სადაც ყველა მოიჯარეს, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია „პისიარ“ ტესტირების ჩატარება", - განაცხადა სავაჭრო ცენტრის დირექტორმა ზვიად მელიქაძემ.