მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დღეს კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით 200-კაციანი შეზღუდვა საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს არ ეხება. მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდა, გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაიცვან დადგენილი წესები.
გარდა ამისა, ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების წესები მკაცრად გაკონტროლდება.
„ვაცნობიერებთ იმას, რომ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია და რა თქმა უნდა, ყველა ის შეზღუდვა, რომელიც ჩამოვთვალე. ვგულისხმობ შეზღუდვებს, რომელიც ეხება კულუტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, რომელზეც დავაწესეთ 200-კაციანი შეზღუდვა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ ეხება საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. უბრალოდ, გვსურს საარჩევნო სუბიექტებს მოვუწოდოთ, რომ გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაიცვან წესები, რაც გულისხმობს, როგორც 2-მეტრიანი დისტანციის დაცვას, ასევე ყველა იმ ადგილას, სადაც პირბადეების ტარება სავალდებულოა და მთავრობის დადგენილებით დაწესებული არის შესაბამისი მოთხოვნა, ეს წესები მაქსიმალურად დაიცვან.
როგორც მოგეხსენებათ, ასევე მოქმედებს რეგულაციები ამჟამინდელი მდგომარეობით პირბადეების ტარების თვალსაზრისით, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადადგილებისას, მათ შორის დახურულ სივრცეებში, მათ შორის საერთო სარგებლობის ლიფტებში და ასევე, მაგალითად, დახურულ ღონისძიებებზე. აქაც მაქსიმალურად მოხდება აღსრულების კონტროლი და მიდგომა მაქსიმალურად მკაცრი იქნება. ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ წესები მაქსიმალურად დაიცვან“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
ცნობისთვის, ხვალიდან, 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით, კულტურული და სპორტული ღონისძიებები აიკრძალება.