ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში დამატებითი რეგულაციების დაწესება კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის ზრდაზეა დამოკიდებული.
„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, რა დამატებითი რეგულაციები დაწესდება ქვეყანაში იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის შემთხვევები საგრძნობლად მოიმატებს და ქვეყანა ე.წ. მწვანე ზონის სტატუსს დაკარგავს, ტიკარაძემ უპასუხა, რომ ეს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საზღვარგარეთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.
„იმის გათვალისწინებით, რომ ვირუსი იცვლის თავის ხასიათს და ძალიან ბევრი უსიმპტომო შემთხვევა გვაქვს, ჩვენ ჯერ დაველოდებით ვირუსის გავრცელების ყველა იმ ნიშნულს, რომელიც მოცემულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უცხოეთის შუქნიშანში და შემდეგ უკვე თანმიმდევრურად ვიმჯელებთ, თუ რა შეზღუდვები იქნება მომდევნო“,-განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1773 გახდა.