„მიკროავტობუსებს კონკრეტულ ქუჩებზე მოსაცდელის გარდა სხვა ადგილებზე გაჩერება ეკრძალებათ და დარღვევებს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება"

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ამ დროისათვის ტრანსპორტის გენერალური გეგმის შემუშავება მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით სრული სურათი იქნება ცნობილი.

კალაძის თქმით, ტრანსპორტის გენერალური გეგმის შემუშავების შემდეგ ზუსტად შეძლებენ სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების ავტომობილების გადაადგილების რეგულირებას.

„ჩვენ ვამუშავებთ ტრანსპორტის გენერალურ გეგმას, რომელზეც საერთაშორისო, ყველაზე დიდი და ძლიერი კომპანიები მუშაობენ და უახლოეს მომავალში გვექნება სრული სურათი. პარალელურად ჩვენ შეზღუდვები დავუწესეთ ჩვენს ნარჩენების გამტან მანქანებს, რომ დღის საათებში არ იმოძრაონ, განსაკუთრებით ცენტრალურ ქუჩებში და ღამის საათებში მოხდეს ნარჩენების გატანა. ასევე აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს სადისტრიბუციო კომპანიებთან, რომ ავტომობილების გადაადგილება გარკვეულ დროში მოვაქციოთ, თუმცა ამაზე საბოლოო შეთანხმება გვექნება, როდესაც ტრანსპორტის გენერალური გეგმა გვეცოდინება და დეტალურად იქნება გაწერილი თუ როგორ ვიმუშაოთ ამ მიმართულებით.

გარდა ამისა, სამარშუტო ტაქსები, მიკროავტობუსები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე სერიოზულ პრობლემებს წარმოადგენდა, რადგან, ვისაც სადაც უნდოდა, იქ აჩერებდა და ეს სერიოზულ დისკომფორტს იწვევდა. ამ მიმართულებითაც უკვე კონკრეტული ქუჩები გვაქვს გამოყოფილი, სადაც მიკროავტობუსების მძღოლებს ეკრძალებათ გაჩერებების გარდა სხვა კონკრეტულ ადგილებზე მგზავრის აყვანა და ჩამოსმა. ამას ჩვენი სამსახურები აკონტროლებენ და დარღვევებს შესაბამისი რეაგირება მოყვება“, - განაცხადა კახა კალაძემ.