„მინდა ყველას მოვუწოდო, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ქართული წარმოების საშენ მასალას და შეიძინონ ადგილობრივი პროდუქცია"

„მინდა ყველას მოვუწოდო, პირველ რიგში, სამშენებლო ბიზნესს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ქართული წარმოების საშენ მასალას, ქართულ მარმარილოს, ბაზალტს და სხვა ქართულ პროდუქციას, შეიძინონ ადგილობრივი მასალა და არა იმპორტირებული“ ,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანია „ჯეოსტოუნის“ მარმარილოსა და ბაზალტის გადამამუშავებელ საწარმოში ვიზიტისას.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „ჯეოსტოუნი“ სასარგებლო მინერალებისა და ბუნებრივი ქვების მოპოვების სექტორში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ბუნებრივი ქვის მოპოვებაზე, წარმოებაზე, დამუშავებასა და ტრანსპოტირებაზეა სპეციალიზირებული. კომპანია ასევე ფლობს ბაზალტისა და კირქვის კარიერებს, საიდანაც მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს.

კომპანიაში თითქმის 8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამ ეტაპზე დასაქმებულია 24 ადამიანი.

„მნიშვნელოვანია, რომ ქართული მარმარილო, რომელიც მოიპოვება ლოპოტაზე და გადამუშავდება კომპანია „ჯეოსტოუნის“ მიერ, არამხოლოდ ქართულ ბაზარს მიეწოდება, არამედ ექსპორტზე გადის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ავსტრალია და ჩინეთი, სადაც ქართული მარმარილო კონკურენტულია. მინდა მოვუწოდო ყველას საქართველოში, პირველ რიგში, სამშენებლო ბიზნესს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ქართული წარმოების საშენ მასალას, ქართულ მარმარილოს, ბაზალტს, სხვა ქართულ პროდუქციას და შეიძინონ ადგილობრივი მასალა და არა იმპორტირებული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.